ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში ამომრჩეველთან შეხვედრისას ისაუბრა, როგორ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც ოცნების საარჩევნო დაპირებების მეოთხე პუნქტია. ივანიშვილი 12 წლიანი ფიქრის შემდეგ მივიდა იმ აზრამდე, რომ 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი იყო “გარედან დაგეგმილი პროვოკაცია“, ომის გამჩაღებელი კი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც “გარედან დაკვეთა შეასრულა.“
ივანიშვილი “დამკვეთების“ მხილებას და “შემსრულებლის“ დასჯას აპირებს, რის შემდეგაც მისი აზრით ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ და შევურიგდეთ. “დამკვეთებში“ ივანიშვილი “გლობალური ომის პარტიას“ გულისხმობდა, რომელიც მის არაერთ გამოსვლაში გაკეთებული განცხადებით, ივანიშვილის ვერსიით, საქართველოში ათწლეულებია “პროვოკაციებს გეგმავს“:
“ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გახდება აუცილებელი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასაც შეუქმნის დაბრკოლებას. იმისათვის, რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, „ქართულმა ოცნებამ“ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ჩემს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შევეხე, თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე. ცხადია, ჩვენი მიზანი მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის. მეტიც, არცერთ გოჯ მიწას არავითარი ფასი არა აქვს იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა. მთავარი იდეა იმ ურთიერთობების აღდგენაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადუღაბებდა საქართველოს მთლიანობას.
12 წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა. დღეს უკვე ხმამაღლა, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რამეთუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი. ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ერთიანობის გახლეჩა, ურთიერთობების განადგურება და დაუსრულებელი, ხელოვნური დაპირისპირების პირობებში არსებობა იყო. არსებობა და არა თანაცხოვრება, რადგან ჩვენი ქვეყნის მტრებმა მიზნად სწორედ ამ მოცემულობის შექმნა დაისახეს, რაც, სამწუხაროდ, წარმატებით შეასრულა პასპორტით ქართველმა, საზრისით და სულით კი უსამშობლო აგენტურამ.
დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიუნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.
26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება.
საქართველოს გულში მცხოვრებო ჩემო თანამოქალაქეებო, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა მოვიხადოთ ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი მიზანი არა წარსულში დაბრუნება, უსიტყვო მორჩილება და ომი, არამედ მომავლის შენება და განვითარებაა!
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დაწყებული გზა ოს ხალხთან შერიგებით გავაგრძელოთ და ყველა ერთად გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები – მხოლოდ მშვიდობითა და კეთილდღეობით.“–თქვა ივანიშვილმა.