“ბოლო წლები კრემლის პროპაგანდას ვაკეთებ, მრცხვენია რომ რუსი ხალხის ზომბირება დავუშვი “- ამის შესახებ, რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა რედაქტორმა, მარინა ოვსიანიკოვამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ოვსიანიკოვი აცხადებს, ის წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდას აკეთებდა და “რუსი ხალხის ზომბირება” სწორედ მან დაუშვა რასაც ახლა ნანობს. მისი თქმით, ამ პროტესტით სურდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერის მიუხედავად, რუსებს სძულთ ომი.
”ბოლო რამდენიმე წელია, პირველ არხზე ვმუშაობ და კრემლის პროპაგანდას ვაკეთებ და ახლა ძალიან მრცხვენია ამის“, – თქვა მან ვიდეოში. „სირცხვილია, რომ ტელეეკრანიდან ტყუილის თქმის უფლება მივეცი, მრცხვენია, რომ რუსი ხალხის ზომბირება დავუშვი“.
ოვსიანიკოვის თქმით, მისი მიზანი იყო, ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ რუსული საზოგადოების უმრავლესობა ომის წინააღმდეგია.
„საზოგადოება რუსეთში ორად არის გაყოფილი. ნაწილი ემხრობა, ნაწილი არა. ვინც ემხრობა, უყურებს სახელმწიფო ტელევიზიას. მათ დაბნელებული აქვთ გონება სახელმწიფო ტელევიზიის პროპაგანდით. ჩემი ასაკოვანი დედაც კი მოექცა ამ პროპაგანდის ქვეშ. 5 წუთიც კი ვერ ვესაუბრები, იმდენად არის ამ გავლენის ქვეშ. იმეორებს იმ ფრაზებს, რომლებსაც პროპაგანდა ამბობს. მინდოდა მეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ რუსების უმრავლესობა წინააღმდეგია ომის და კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერის მიუხედავად, მათ სძულთ ომი და პაციფისტები არიან შინაგანად. ყველა შეშინებული და დაბნეულია, ჩვენი ცხოვრება ყოველდღე იცვლება. მათ სახეზე ჩანს შიში და დაბნეულობა. რთულია რამის დაგეგმვა. ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს და რას მოიტანს ხვალინდელი დღე, უცნობია, ეს ძალიან შემაშფოთებელია“, – ამბობს ოვსანიკოვა.
„1999 წელს, როცა 20 წლის ვიყავი, ჩეჩნეთში ომი დაიწყო. ჩვენ ვცხოვრობდით გროზნოში. საჰაერო დაბომბვის დროს, ფანჯრებთან ბომბები ცვიოდა. მე კარგად მესმის, უკრაინელი ლტოლვილები რას გრძნობენ ახლა და ვდარდობ მათ გამო და ასევე ვდარდობ რუს ჯარისკაცებზე, ახალგაზრდა, პატარა ბიჭებზე და ვფიქრობ, რომ მათ არ იციან რისთვის იბრძვიან“, – ამბობს ოვსიანიკოვა.
ცნობისთვის, 14 მარტს, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხის “პირდაპირ ეთერში” ომის საწინააღმდეგო განცხადებებითა და პლაკატით შევარდა, თუმცა ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ რუსეთში ტელევიზიები პირდაპირი ეთერით არ მაუწყებლობენ და ყოველთვის წინასწარ ჩაწერილია.