ბორჯღალოსნები “8 ერში“ ითამაშებენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილ რაგბის 8 ერის (შემოდგომის თასზე) ტურნირში ითამაშებს. დღეს, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს ექვსი ერის ორგანიზატორებმა და შესაბამისი სიახლე ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://www.sixnationsrugby.com/2020/09/10/six-nations-rugby-unveils-autumn-nations-cup-2020/) გამოაქვეყნეს.

ექვსი ერის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების პროცესს საქართველოს რაგბის კავშირი აწარმოებდა.საბოლოოდ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდა და ჩვენი ეროვნული გუნდი, მსოფლიოს გრანდებთან ერთად ითამაშებს.

თავდაპირველი მონაცემებით 8 ერში უნდა ეთამაშათ ტურნირის უცვლელ მონაწილეებს – ინგლისს, საფრანგეთს, შოტლანდიას, ირლანდიას, უელსს, იტალიას და 2 მიწვეულ ნაკრებს  – ფიჯის და იაპონიას. მოგვიანებით, ქვეყანაში პანდემიით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, იაპონიის რაგბის კავშირმა უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე, რამაც საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაში მონაწილეობის შანსი მისცა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებლობის შემდეგ ხუთჯერ ითამაშა მსოფლიოს თასების ფინალურ ეტაპზე (2003, 2007, 2011, 2015, 2019) და მოახერხა ხუთი თამაშის მოგება. ერთხელ, 2015 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მოიგო 2 მატჩი და პირდაპირ მოიპოვა 2019 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება.