“ბრალდების მოწმეები ადასტურებენ, რომ დანაშაული არ ყოფილა”- თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველა მოწმე მათ სასარგებლო ჩვენებას აძლევს. მისი თქმით, დაიკითხნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები.
”კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამ პროკურატურის უნიჭობაში. ერთი წელი ჰქონდათ იმისთვის რომ ცოტა საფუძვლიანი მაინც ეკითხათ. საოცრება ის არის, რომ ყველა მოწმე რომელიც მოჰყავთ, საჩვენო ჩვენებას აძლევს. საუბარია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებზე ვინც ამოწმებდა ყოველთვიურად იმ ტრანზაქციებს რასაც თითქოს და გვედავებიან. ყველა ადასტურებს, რომ არანაირი არა თუ დანაშაულის ნიშნები, დარღვევაც არ ყოფილა, რომ ყოფილიყო უნდა დავჯარიმებულიყავით იმ დროს. ამიტომ დასკვნა ერთია – ეს მცდელობაა ჩვენი დისკრედიტაციის, რაც არ გამოუვიდათ”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას შეეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.