აშშ–ში პროტესტის ტალღა არ ცხრება. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციური ძალადობის და აფროამერიკელების მიმართ უდიერი დამოკიდებულების წინააღმდეგ იბრძვიან. ეს თემა ქვეყანაში არაერთხელ ყოფილა აქტუალური. ამჯერად კი მღელვარების მიზეზი მინეაპოლისში მომხდარი ინციდენტი გახდა, სადაც პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გამოყენების შედეგად 46 წლის ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. შაბათს ინდიანაპოლისში არეულობებისას ადამიანი დაიღუპა.
ვაშინგტონში კი შაბათს საღამოს თეთრის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით ადამიანია შეიკრიბა. მომიტინგეების ნაწილმა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობების შუშების მტვრევა დაიწყო. ისინი პოლიციას ქვებს და წყლის ბოთლებს ესროდნენ. პასუხად პოლიციამ მათ წინააღმდეგ წიწაკის გაზი გამოიყენა.
შეტაკება მოხდა პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის, რომლებიც თეთრ სახლს იცავდნენ.
აშშ–ს პრეზიდენტმა მადლობა უთხრა სპეცსამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც მისი თქმით ეფექტურად უზრუნველყოფდნენ თეთრი სახლის დაცვას, ამავე დროს გააკრიტიკა ვაშინგტონის მერი, მიურიელ ბოუზერი, რომელმაც მისი თქმით არ მისცა უფლება დედაქალაქის პოლიციას ქალაქში მიმდინარე პროცესებში ჩარეულიყო. ტრამპმა არეულობებს მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ “ პროფესიონალურად ორგანიზებული“ უწოდა და პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია “ბრბოს ძალადობას შეაჩერებს, სრულად შეაჩერებს!“
ფლოიდის სიკვდილს პრეზიდენტმა ტრაგედია უწოდა და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა გამოძიება დააჩქაროს.
ვაშინგტონთან ერთად საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს ამერიკის დაახლოებით 40 ქალაქში. ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, დენვერში, ჩიკაგოსა და კიდევ რამდენიმე სხვა ქალაქში მშვიდობიანი დემონსტრაციები, ვაშინგტონის მსგავსად, ძალადობრივ ტალღაში გადაიზარდა.
ლოს ანჯელესში პროტესის მონაწილეებმა მანქანები დაწვეს და სკანდირებდნენ – “შავების სიცოცხლეც ფასეულია“. პოლიციამ აქციის დასაშლელად ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ფილადელფიაში მინიმუმ 13 პოლიციელი დაშავდა, დაწვეს პოლიციის ავტომობილები.
სოლთ ლეიქ სითიში დემონსტრანტებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს, რის შემდეგაც იუტას შტატის გუბერნატორმა ქალაქში ეროვნული გვარდიის სამხედროები გაგზავნა.
ორშაბათს მომხდარი ინციდენტის გამო საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან მალევე მინეაპოლისში პროკურორმა პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს ბრალი ორი მუხლით წაუყენა – მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.
ორივე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შოვინს შესაძლოა სულ 35 (25 პირველი და 10 მეორე ბრალდებისთვის) წლიანი პატიმრობა შეეფარდოს.
დანარჩენ სამ ოფიცერს, რომლებიც დაკავების ინციდენტში მონაწილეობდნენ, ბრალი წაყენებული არ აქვთ, თუმცა ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.