ბრიტანეთი აცხადებს, რომ რუსული სადაზვერვო გემი მათ ტერიტორიულ წყლებთან იმყოფება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა,რომ  ბრიტანელი მფრინავები მათ ტერიტორიულ წყლებთან ახლოს რუსულ სადაზვერვო გემს აკვირდებოდნენ, როდესაც მათ გემიდან ლაზერები მიანათეს.

„რუსული სადაზვერვო გემი Yantar-ი შოტლანდიის ჩრდილოეთით, ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების ნაპირზე იმყოფება. ეს გემი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და წყალქვეშა კაბელების რუკის შედგენის მიზნით არის შექმნილი“, – განაცხადა ჯონ ჰილიმ.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსული „გემის მოძრაობის დაკვირვების მიზნით სამეფო საზღვაო ძალების ფრეგატი და სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები გაგზავნა, რა დროსაც გემიდან მფრინავებისკენ ლაზერები მიმართეს“.

ჯონ ჰილიმ რუსული გემის მოქმედებას „სახიფათო“ უწოდა.

„წელს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ეს გემი გაერთიანებული სამეფოს წყლებში იმყოფება. ამიტომ, რუსეთისთვის და პუტინისთვის ჩემი გზავნილი ასეთია: გაკვირდებით, ვიცით რასაც აკეთებთ და თუ Yantar-ი მიმდინარე კვირაში სამხრეთისკენ გადაადგილდება, მაშინ ჩვენ მზად ვართ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.