ყოველდღიურ ანგარიშში ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა წერს უკრაინაში ომის შედეგად რუსეთის სამხედრო პოტენციალის დასუსტების შესახებ:
რუსეთის არმიის ნაწილი, რომელიც ხარკოვის ოლქიდან ბოლო კვირას გაიყვანეს, პირველ საგვარდიო სატანკო არმიას ეკუთვნოდა, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის. ამ ქვედანაყოფმა მძიმე დანაკარგები განიცადა უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე და ვერ მოასწრო ბრძოლისუნარიანობის სრულად აღდგენა ხარკოვის ოლქში უკრაინელების კონტრშეტევამდე.
პირველი საგვარდიო სატანკო არმია–ერთ–ერთი პრესტიჟული რუსული ქვედანაყოფია, რომელსაც ნატოსთან ომის შემთხვევაში მოსკოვი უნდა დაეცვა და კონტრშეტევა განეხორციელებინა.
ვინაიდან პირველი საგვარდიო სატანკო არმია და დასავლეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში მყოფი სხვა ქვედანაყოფები სერიოზულად დაზარალდნენ, რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც ნატოსთან შესაძლო დაპირისპირებისთვის იყვნენ განკუთვნილი, სერიოზულად დასუსტდნენ. სავარაუდოდ რუსეთს წლები დაჭირდება ამ სამხედრო პოტენციალის აღსადგენად–ნათქვამია ანგარიშში.