ბრიტანული ტაბლოიდი The Sun კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ავტომობილზე, რომელშიც პუტინი იჯდა თავდასხმა მოხდა – მისი კორტეჟის გადაადგილებისას მანქანის მარცხენა ბორბლის ქვეშ ხმამაღალი აფეთქების ხმა გაისმა, რომელსაც ძლიერი კვამლი მოჰყვა. რუსეთის ლიდერის პრესმდივანი ამ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ სააგენტო რია ნოვოსტი წერს.
კრემლის წარმომადგენლის განცხადებით ბრიტანული გაზეთის პუბლიკაცია პუტინზე თავდასხმის შესახებ, რომელიც თითქოსდა მოსკოვში ოთხშაბათს მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
თავის მხრივ, ბრიტანელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ინციდენტის შემდეგ პუტინის ავტომობილი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, თავად პუტინი არ დაზარალებულა,მისი უსაფრთხოების სამსახურის ზოგიერთი თანამშრომელი კი დააკავეს. ტაბლოიდის მონაცემებით, გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ პუტინის გადაადგილების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გამჟღავნდა, პუტინის ზოგიერთი პირადი მცველი გაქრა.
ბრიტანული გამოცემა ტელეგრამ არხ “Генерал СВР”–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეყრდნობა, რომლის მიხედვით პუტინი საკუთარ რეზიდენციაში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე დუბლიორი კორტეჟით ბრუნდებოდა, გადაადგილებისას კი ავტომობილები “სასწრაფო დახმარების“ მანქანამ დაბლოკა. შემდეგ კი მოხდა სავარაუდო აფეთქება რუსეთის პრეზიდენტის ავტომობილის მარცხენა ბორბალთან, თუმცა მანქანა კრემლის მიმართულებით მოძრაობას განაგრძობდა.
ტელეგრამ არხის პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ შედეგად “სასწრაფო დახმარების“ მანქანის საჭესთან ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, პუტინის პირადი დაცვის ხელმძღვანელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი კი, რომლებიც პუტინის უსაფრთხოებასზე აგებდნენ პასუხს, სამუშაოს ჩამოაცილეს და პატიმრობაში არიან.
“ამ კორტეჟით პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ პირთა ვიწრო წრემ იცოდა… პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურიდან. ინციდენტის შემდეგ სამი მათგანი გაქრა… მათი ბედი ამ დროისთვის უცნობია. ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ ცარიელი იპოვნეს მომხდარიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე“–ნათქვამია პოსტში, რომელსაც The Sun ეყრდნობა.
შეგახსენებთ, რომ მაისში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ პუტინი კიბოთია დაავადებული და კრემლში დაიწყო მოქმედი ხელისუფლების დამხობის პროცესი.