ბუჩაში კადიროველები ბავშვებს თვალებს სწვავდნენ, აჭრიდნენ ორგანოებს – ომბუდსმენი

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდის შესახებ ახალ მტკიცებულებებს ყოველდღიურად იღებენ.

მისი ინფორმაციით, ბუჩაში, იაბლუნსკას ქუჩაზე “რუსებმა ნამდვილი წამების პალატა შექმნეს”.

“გადარჩენილების თქმით, იქ იყო კადიროვის შტაბი. ისინი ესროდნენ ადამიანებს სახეში, სწვავდნენ თვალებს, აჭრიდნენ სხეულის ნაწილებს და წამებით კლავდნენ არა მარტო მოზრდილებს, არამედ ბავშვებსაც. ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის ბუჩაში სულ 360 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის სულ მცირე 10 ბავშვია”,– წერს დენისოვა.

მისივე ცნობით, მარიუპოლში მოძრავი კრემატორიუმები ინტენსიურად მუშაობენ – ოკუპანტები აგრძელებენ დაღუპულთა ცხედრებისგან ქუჩების გაწმენდას.

სახალხო დამცველისვე განცხადებით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ კიევის ოლქის სოფელ მაკაროვში 132 დახვრეტილი ადამიანი იპოვეს.

დენისოვა მიმართავს გაეროს ადამიანის უფლებათა დარღვევის საგამოძიებო კომისიასა და ეუთოს  ექსპერტთა მისიას, გაითვალისწინონ უკრაინაში სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეს ფაქტები.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩას კონტროლის დროს ოკუპანტებმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მათი ცხედრები უკრაინულმა მხარემ ქალაქის გათავისუფლების შემდეგ ნახა. ცნობილია არასრულწლოვანთა წამებისა და გაუპატიურების ფაქტების შესახებაც.

რუსეთი ოფიციალურად უარყოფს, რომ ეს მათმა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს და ამტკიცებს, რომ სავარაუდოდ, უკრაინის “მორიგი პროვოკაციაა”.