პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრანტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოიყვანენ. მისი თქმით, მთავრობა ბილეთის მისაღებ ფასებს უზრუნველყოფს.
“ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ეს პროცესი დროში რომ არ გაიჭიმოს და გადავადდეს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამოქალაქეები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის უნდა არსებობდეს განრიგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბილეთის მისაღები ფასებით. ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის რაღაც კატასტროფული ფასები, რომელზეც ჩვენ ყველას გვსმენია”,– აცხადებს გახარია.
პრემიერმა ეკონომიკის სამინისტროს დავალება მისცა, ორშაბათს არსებობდეს ფრენების განრიგი კონკრეტული ქალაქებიდან.
“ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს 1–მა ავიაკომპანიამ, ეს უნდა იყოს რამოდენიმე ავიაკომპანია და უნდა იყოს მორგებული ემიგრანტებზე, რომელიც ჩვენ ევროპის ქალაქებიდან გვყავს გამოსაყვანი. ამიტომ ორშაბათს უნდა არსებობდეს რეისების კონკრეტული განრიგი, როდის დაიწყება და რომელი ქალაქებიდან საქართველოს მთავრობის მიერ ემიგრანტების გამოყვანა მისაღებ ფასებში”,– თქვა გახარიამ.