ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, თუ ბიზნესსექტორს, რაიმე დამატებით კითხვები აქვთ, ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკურ გუნდთან ერთად მათ შეხვდება, თუმცა, შეზღუდვების გადახედვა არ მოხდება.
„ბიზნეს სექტორთან ეკონომიკური ჯგუფის მხრიდან გაიმართა არაერთი შეხვედრა, ასევე, ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგების გუნდი, ასევე ჩართული გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები და დეტალურად მოხდა საუბარი, გვქონდა ახსნა-განმარტება თუ რატომ არის დღესდღეობით ასე მნიშვნელოვანი, რომ მივმართოთ კონკრეტულად ამ შეზღუდვებს. რაც შეეხება შეღავათებს, ამაზე ეკონომიკური გუნდი მუშაობს და მათ უკვე განუმარტეს თუ რა შეღავათების საშუალება არსებობს. თუ დამატებითი კითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდიც და ჯანდაცვის სამინისტროც შეხვდება მათ და გასცემს მათ კითხვებს პასუხს.
შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება, რადგან ამასთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთკვირიანი შრომა და დაკვირვება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს არის ის შეზღუდვები, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით ესაჭიროება,“- განაცხადა ტიკარაძემ.