კოლუმბიის პრეზიდენტის გუსტავო პეტროს თქმით, ამაზონში, ავიაკატასტროფიდან 40 დღის შემდეგ 4 მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი იპოვეს.
1 მაისს, დილით 7:30 საათზე, თვითმფრინავი Cessna 206 რადარებიდან გაქრა. ის არარაკუარადან, ამაზონის პროვინციაში, სან ხოსე დელ გუავიარეში, მიფრინავდა. ბავშვებს მას შემდეგ ეძებდნენ, რაც მაშველები ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდნენ და ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, სამი ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების დედის, ცხედარი იპოვეს, ცხედრებს შორის ბავშვები არ იყვნენ და მათი კვალიც ავიაკატასტროფის ადგილიდან იკარგებოდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი ძრავის გაუმართაობაა.
“ისინი ჯუნგლებში ცხოვრების ცოდნამ გადაარჩინა. გადარჩენის მაგალითი, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება. ისინი ჯუნგლების შვილები იყვნენ და ახლა ისინი კოლუმბიის შვილები არიან”, – განაცხადა გუსტავო პეტრომ.
13 წლის, 9 წლის, 4 წლის და 1 წლამდე ასაკის ბავშვები ჯუნგლებში 1-ელ მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის გადარჩენილი მგზავრები არიან. ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია, თუ როგორ შეძლეს ბავშვებმა ამდენ ხანს ამაზონის გაუვალ ჯუნგლებში გადარჩენა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბავშვები ჰუიტოტოს ადგილობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან და მათი თემის წევრები იმედოვნებდნენ, რომ გადარჩენის უნარების ცოდნა ბავშვებს მეტ შანს მისცემდა
ბავშვების მოსაძებნად მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა და სამხედროები ჩაერთნენ. პოვნის შემდეგ ისინი ვერტმფრენით გადაიყვანეს ბოგოტაში და კლინიკაში მოათავსეს.