დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი გადაცდომები მიუღებელია.
„რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე ამ კუთხით. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გადაცდომებთან დაკავშირებით, ამიტომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
„მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას და ის დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თანამშრომლებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანნი და თანაბარნი ვართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.