გაერო მიკერძოებული და პოლიტიზებულია, გენერალური მდივნის განცხადება სამარცხვინო იყო – ისრაელის ელჩი საქართველოში

“გაერო მიკერძოებული და პოლიტიზებულია, გენერალური მდივნის განცხადება სამარცხვინო იყო” – ასე ეხმაურება,  საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის გუშინდელ განცხადებას კონფლიქტთან დაკავშირებით.

“გაეროს გენერალური მდივნის განცხადება იყო სამარცხვინო. გენერალური მდივანი მოწყვეტილა რეალობას და მისთვის სამარცხვინოა გაამართლოს ხოცვა-ჟლეტა, სადაც ბავშვები მამაკაცები, ქალები ამოჟლიტეს იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ებრაელები. გაერომ დაადასტურა, რამდენად პოლიტიზებულია, რამდენად მიკერძოებულია ისრაელთან დაკავშირებით. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, რომელმაც შეშფოთება გამოაცხადა ღაზაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი თქვეს სექსუალურ ძალადობაზე, რომ ხდებოდა ქალებისა და გოგონების გაუპატიურება. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ამაზე ხმა არ ამოიღო. და ვხედავთ კიდევ ერთხელ იმის მტკიცებას, რომ გაერო არის მიკერძოებული და პოლიტიზებული”, – განაცხადა ისრაელის ელჩმა ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, გუშინ 24 ოქტომბერს,გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ “ჰამასის თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება”.

  • „მნიშვნელოვანია ასევე ვაღიაროთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათ მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, – განაცხადა გუტერეშმა.

ანტონიო გუტიერეშის ეს  განცხადება, გაეროში ისრაელის ელჩმა,  გილად ერდანმა გააკრიტიკა:

  • “არ არსებობს გამართლება და არ აქვს აზრი იმათთან საუბარს, ვინც იჩენს გულისხმიერებას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი ქმედებების მიმართ”, – განაცხადა ელჩმა.

მოგვიანებით, გილად ერდანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.

  • „გენერალური მდივანი, რომელიც ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების მასობრივი მკვლელობის კამპანიას გაგებით ეკიდება, არ არის შესაფერისი გაერო-ს ხელმძღვანელობისთვის. მე მას დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოვუწოდებ. არავითარი გამართლება და აზრი არ აქვს მათთან საუბარს, ვინც ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი სისასტიკეების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს. უბრალოდ სიტყვები არ არსებობს“, – წერს ამის შესახებ,  ისრაელის ელჩი სოციალურ ქსელ x-ში

ცოტა ხნის წინ, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ”ჰამასის” შესახებ მის გუშინდელ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს.

  • “შოკირებული ვარ ჩემი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით… თითქოს, ჰამასის ტერორისტულ ქმედებებს ვამართლებდი. სიცრუეა, ეს პირიქით იყო. ვფიქრობ, აუცილებელია, თავიდანვე სწორად აღინიშნოს, განსაკუთრებით, მსხვერპლებისა და მათი ოჯახების პატივისცემის მიზნით”, – თქვა მან.