ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და მათი რეფორმების მხარდაჭერას ევროპულ გზაზე – წერია ევროპული საბჭოს შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში.
2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ძირითადად საუბარია უკრაინის მხარდაჭერაზე.
დასკვნაში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები საქართველო. მოლდოვა – ორჯერ. ევროპული საბჭო ქვეყანას ჰპირდება დახმარებას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია.
„დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტშია საუბარი სამივე ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მხარდაჭერაზე“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა 25 ოქტომბერს X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ სამი ქვეყნის მხარდაჭერაზე ჩანაწერი დასკვნით დოკუმენტში თავდაპირველად არ იყო და მხოლოდ გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაემატა.