ე.წ. გავრილოვის ღამეს დაზარალებული მოქალაქეები, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან აქციას გამართავენ. მოქალაქეები, პარლამენტში ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ დარეგისტრირებულ ამნისტიის კანონპროექტებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ 2019 წლის 20 ივნისი ვერ გადაიწერება.
“2021 წლის 20 ივნისს ორი წელი გადის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევიდან, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჩაჯდომას მოჰყვა.
დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი, რომელიც ამ გამოუძიებელ დანაშაულებრივ ფაქტზე ამნისტიას აცხადებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სწორედ 20 ივნისს აქციაზე პატრიოტული მოტივით მდგარმა დემონსტრანტებმა, კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველა პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ 20 ივნისი ვერ გადაიწერება, აქციის დარბევა ოკუპანტის საამებლად არავის შერჩება!
არა ოკუპანტის ამნისტიას! 20 ივნისს, 18:00 საათზე ანტისაოკუპაციო აქციაზე დაშავებული და დაკავებული დემონსტრანტები ყველას გელოდებით პარლამენტთან.” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტში, ერთ-ერთი პუნქტი 2019 წლის 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება. დოკუმენტს ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში 2 კანონპროექტი დარეგისტრირდა, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის.