“გაიაზრონ პოლიტიკური სტატუსი და თავი შეიკავონ დისკრიმინაციული, სიძულვილის ენის გამოყენებისგან”- ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობა, რომელიც წლებია საქართველოში ლგბტქი თემის პრობლემებზე მუშაობს, თეა წულუკიანის განცხადებას ჰომოფობიურსა და დისკრიმინაციულს უწოდებს. მათი შეფასებით, მსგავსი განცხადებები, კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში ლგბტქი თემის უფლებრივ მდგომარეობას და ახალისებს ორგანიზებულ ძალადობას.
“მნიშვნელოვანია, რომ თეა წულუკიანმა და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე სხვა პირებმა, გაიაზრონ თავისი პოლიტიკური სტატუსი და საჯარო გამოსვლებისას/პოზიციონირებისას თავი შეიკავონ დისკრიმინაციული, სიძულვილის ენის გამოყენებისგან”, -ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, კულტურისა და სპორტის ახლადდანიშნულმა, მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ტელეწამყვანის კითხვაზე : ექნება თუ არა მინისტრის მხარდაჭერა ისეთ ხელოვანებს, რომლების კლიშეებს ანგრევენ, ამის მაგალითად კი ტელეწამყვანმა, ქართულ-შვედური ფილმი, “და ჩვენ ვიცეკვეთ”მოუყვანა. წულუკიანმა უპასუხა : “თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც თავად არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერაარ იქნება, იმიტომ, რომ მე ვარ, ასევე არ დაგავიწყდეთ, მაყურებელი”. წულუკიანმა, მხარდაჭერა არ გამოუცხადა და ფილმი იმ ტიპის საკითხების “პროპაგანდირებას” დაუკავშირა, რომელიც თავად არ მოსწონს.