„ევროპული საქართველო“ მთავრობას კითხვით მიმართავს, გაივლის თუ არა სავალდებულო ორკვირიან კარანტინს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, როდესაც ბრიუსელიდან დაბრუნდება.
კანდელაკი აღნიშნავს, რომ ბელგია საქართველოს მთავრობას ე.წ მწვანე ქვეყნების სიაში არ შეუყვანია, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ე.წ მწვანე ქვეყნებიდან ჩამოდიან, 2-კვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.
„თუ არ გაივლის ბატონი ზალკალიანი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს, მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება – რატომ არის გამონაკლისი ბატონი ზალკალიანი სხვა კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან მიმართებაში, მითუმეტეს, რომ იგი იმყოფებოდა „გაუმწვანებელ“ ქვეყანაში და რატომ უნდა გაიარონ კარანტინი იმ მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ე.წ. გამწვანებულ ქვეყნებში და რომელთა მოქალაქეებსაც ამავე დროს კარანტინს არ ვთხოვთ“, – თქვა კანდელაკმა.
მისივე განცხადებით, მთავრობა ფრენების გახსნას, ფაქტობრივად, არჩევნებამდე არ აპირებს, რაც ათასობით ადამიანს შიმშილისთვის წირავს.
„მთავრობის სურვილია, რომ ავიაკომპანია Wizzair-მა, ასეთმა მნიშვნელოვანმა გადამზიდავმა, საერთოდ არ განაახლოს ფრენები არჩევნებამდე. ეს განცხადებები, როგორც სხვა მავნებლური განცხადებები, რომელიც ეხებოდა AirBaltic-ს, რომელსაც სურვილი აქვს სამჯერ იფრინოს კვირაში, თუმცა, მთავრობა ეუბნება, რომ მხოლოდ ერთხელ შეუძლია ფრენა. ეს განცხადებები ფორმალურადაც კი არავის უარუყვია. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი შევაჯამოდ, მთავრობის დუმილი მივიღოთ დასტურად, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა და ხელში შეგვრჩება ამ ფორმალური „გახსნის“ ფონზე ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი ფრენები და დე-ფაქტო საქართველო დარჩება ჩაკეტილი არჩევნებამდე.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ტურიზმის სფეროში შემოსავლები შემცირებულია 97%-ით. ამ გაჯიუტებით და გაჯიქებით მთავრობა ათეულობით ათას ადამიანს ეუბნება, რომ ისინი განწირულები არიან შიმშილისთვის. ეს არის მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილება. მთავრობა სინამდვილეში ხელმძღვანელობს არა ეპიდემიოლოგიური მოსაზრებებით, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებით და ეს პარანოიალური მიდგომაც არამეცნიერულია“, – განაცხადა კანდელაკმა.
საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას: გერმანიას, საფრანგეთს, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს საზღვრები უპირობოდ გაუხსნა. ამ ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ. თუმცა თუ ამ ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები შემოვლენ, მათ კარანტინის გავლა მოუწევთ.