გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელსაც ტრამპის ბინის ჩხრეკის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება დაეფუძნა

აშშ–ს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბინის ჩხრეკის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება. ჩხრეკა აგვისტოს დასაწყისში შედგა.

ე.წ. აფიდევიტი, რომელმაც სასამარლო დაარწმუნა, ტრამპის ბინის ჩხრეკის ორდერი გაეცა, რომლის დროსაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტრამპის რეზიდენციიდან საიდუმლო დოკუმენტები ამოიღო, რედაქტირებული ვერსიით გამოქვეყნდა, თუმცა გამოქვეყნებული მასალით ცნობილი ხდება, რა ტიპის დოკუმენტები ამოიღეს ტრამპის რეზიდენციიდან.

გამოქვეყნებული დასაბუთებიდან ისიც ჩანს, რომ ტრამპის ადვოკატები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ყოფილ პრეზიდენტს უფლება ქონდა საიდუმლო გრიფი მოეხსნა დოკუმენტებისთვის, რომლებიც როგორც ვარაუდობენ, თეთრი სახლიდან მის რეზიდენციუში იურიდიული საფუძვლის გარეშე გადაიტანეს.

გამოქვეყნებულ ვერსიაში  დოკუმენტის 32 გვერდიდან 11 მთლიანად ამოღებულია, თუმცა იქიდან, რაც დარჩა, ნათელია, რომ ტრამპის რეზიდენციაში ნაპოვნი დოკუმენტები სხვა დანარჩენთან ერთად, შეიცავდა მონაცემებს ინფორმატორებისა და სადაზვერვო ოპერაციების შესახებ.

აპრილში აშშ–ს იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ტრამპის მიერ ოფიციალური საპრეზიდენტო დოკუმენტების ფლორიდის მარ–ა–ლაგოს რეზიდენციაში გადატანის შესახებ, სადაც ის 2021 წლიდან მუდმივად ცხოვრობს.

გამოძიება მას შემდეგ დიაწყო, რაც თებერვალში არქივების და დოკუმენტების ნაციონალურმა სამმართველომ კონგრესს შეატყობინა, რომ ტრამპის მამულში დაახლოებით 15 ყუთი აღმოაჩინა თეთრი სახლის დოკუმენტებით, რომელთაგან ნაწილი საიდუმლო მასალებს შეიცავდა. გამოძიების მიზანია დაადგინოს, კანონიერად მოხდა თუ არა საიდუმლო მასალების გატანა ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში.8 აგვისტოს  ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკა სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

ტრამპის ოფისმა ჩხრეკის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამოღებულ დოკუმენტებს თავად ტრამპმა მოხსნა საიდუმლო გრიფი, როცა აშშ–ს პრეზიდენტის პოსტს იკავებდა და შესაბამის უფლებამოსილებას ფლობდა.

 

გამოქვეყნებელი დოკუმენტი არის ფიცის ქვეშ გაცემული წერილობითი ჩვენება, რომელიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მოსამართლეს წარუდგინა, რათა ტრამპის საკუთრების ჩხრეკის ორდერი მიეღო. ჩვეულებრივ, ასეთი ჩვენებები შეიცავს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გამოძიებაზე და აგენტები მოსამართლეს დაწვრილებით უხსნიან, თუ რატომ სურთ კონკრეტული საკუთრების ჩხრეკა და რატომ სჯერათ, რომ იქ შესაძლო დანაშაულის სამხილებს იპოვნიან, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, ასეთი წერილობითი ჩვენებები, როგორც წესი, დალუქული რჩება და მოსამართლის ასეთი გადაწყვეტილება, მისი ნაწილები გაემჟღავნებინა, არც ისე ხშირი პრაქტიკაა.

გამოძიების მიმართ უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ხუთშაბათს, ამერიკის მაგისტრატმა მოსამართლემ, ბრიუს რაინჰარტმა, დოკუმენტის რეადაქტირებული ვერსიის გასაჯაროების ორდერი გასცა.