” მივმართავ ამირან გამყრელიძეს, თქვენ არ ხართ „ოცნების“ წარმომადგენელი, გამოდით და გვითხარით – გასამკაცრებელია თუ არა ქვეყანაში რეგულაციები და რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით”- „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს მიმართავს და აცხადებს, რომ მასზეა პასუხისმგებლობა თქვას, საჭიროა თუ არა ქვეყანაში კოვიდრეგულაციების გამკაცრება.
„ჯანდაცვის სისტემა უმძიმეს ვითარებაშია და ხალხს ეშინია კოვიდპანდემიის იმიტომ, რომ სისტემა არ იმართება ისე, როგორც უნდა იმართებოდეს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება. ტრაგედია ტრიალებს ქვეყანაში. უბნებში სიკვდილის სუნი ტრიალებს. თქვენ კი ამ ფონზე ამ სიბინძურეს მიმართავთ.მინდა მივმართო ამირან გამყრელიძეს, ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ არ მოვისმენთ რამე ისეთს, რაც ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო. თქვენ არ ხართ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შესაბამისად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არის თქვენზე. არა მინიშნებებით, როგორც გუშინ თქვით, რომ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო, არამედ გამოდით და გვითხარით – გასამკაცრებელია თუ არა ქვეყანაში რეგულაციები, რათა ქვეყანაში გადაცემის ჯაჭვი შეწყდეს და მეორე, რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით, უქმნის თუ არა პრობლემას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საარჩევნო პროცესი. ამაზე პასუხისმგებლობა გაქვთ თქვენ და გთხოვთ, ამ პასუხისმგებლობას ნუ გაექცევით“,- განაცხადა ვაშაძემ.