ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა.
ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.
“გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას” – აცხადებს ორგანიზაცია.
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.