„მე, ალბათ, როგორც ძალიან ბევრი მოქალაქე, ვფიქრობდი, რომ ღია ხაზზე საუბარი სულ მცირე არ იყო უსაფრთხო. ეს იქიდან გამომდინარეც, რომ მრავალი წელია ადამიანების უფლებათა დამცველები ვსაუბრობთ, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა საკმარის დაცულობას და გარატნიას არ იძლევა იმისა, რომ ჩვენი სატელეფონო საუბრები არ ისმინებოდეს. შესაბამისად, ძალიან მაღალი იყო ამის ალბათობა.

თუმცა, გამოჟონილმა დოკუმენტებმა, მათმა მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, სიმართლე გითხრათ, მე შოკში ჩამაგდო. ნამდვილად არ ველოდი, რომ შესაძლებელია არასაჯარო პირის შესახებ, მისი პირადი ცხოვრების, პირადი კომუნიკაციის შესახებ ამდენი ინფორმაცია გროვდებოდეს უწყებაში. კითხვები ნამდვილად არ მაქვს, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ტოტალური მოსმენებია, ნამდვილად, იმიტომ რომ აქ საუბარი არ არის 10-20-30 ადამიანზე, საუბარია ასობით ადამიანზე და მათთან დაკავშირებულ პირებზე”

განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პალიტრანიუსის ეთერში.