გამოძიება დიდი დარღვევით ჩატარდა, სუს-მა გაანადგურა მტკიცებულებები – მაჩალიკაშვილი სტრასბურგზე

“გამოძიება დიდი დარღვევით ჩატარდა, სუს-მა გაანადგურა მტკიცებულებები” – ასე აფასებს, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგის  დღევანდელ გადაწყვეტილებას.

“ნათლად არის აღნიშნული, რომ გამოძიება ძალიან დიდი დარღვევით და არაეფექტურად ჩატარდა. ეს სპეცოპერაცია სუს-მა ჩაატარა, სუს-მა დაიწყო ამ საქმის რამოდენიმე ხნის მერე გამოძიება, ის რაც მათ ძალიან დააზიანებდათ ის ნაწილი ასე ვთქვათ გაანეიტრალეს, ხელყუმბარა ააფეთქეს, მოაშორეს, მტკიცებულებები გაანადგურეს”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და საქართველოს მთავრობას €10000-ის გადახდა დააკისრა. საქმეზე მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა:

  • კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა – პროცედურული ნაწილი (სიცოცხლის უფლება).
  • ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ არ დაუდგენია მე-2 მუხლის დარღვევა – არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება).

სასამართლომ საქართველოს მთავრობას აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება: 

“სასამართლომ აღნიშნა, რომ დაკავების ოპერაციის გარემოებათა გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. თუმცა, პირველი საგამოძიებო ღონისძიებები სუს-ის გამომძიებლის მიერ იყო ჩატარებული და არა პროკურატურის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ გამოძიებაზე რამდენიმე საათის შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა, იგი ეყრდნობოდა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებლის ჩხრეკის შედეგებს და სუს-ის გამომძიებლის მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებს, რომელიც საკმარისად მიუკერძოებელი იყო.

სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილი არ იყო დალუქული და ნივთები გადაადგილებული იყო, რამაც კონკრეტული გავლენა მოახდინა გამოძიებაზე. სროლის მომენტში თ.მ.-ის მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობა ვერ დადასტურდა; მასზე სავარაუდოდ ნაპოვნი სისხლის კვალის წარმომავლობა სათანადოდ ვერ დადგინდა; და თ.მ.-ს ყურსასმენებთან დაკავშირებით ბრალდებები სრულად ვერ გადამოწმდა.

მომდევნო თვეებში, მოვლენებში მონაწილე თითქმის ყველა ადამიანი და სხვა პოტენციური მოწმე გამოიკითხა, მათ შორის თ.მ.-ს ოჯახი, ოფიცრები, რომლებიც მონაწილეობდნენ ოპერაციაში და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მკურნალობდა თ.მ.-ს. შეგროვდა ინციდენტთან დაკავშირებული მრავალი სასამართლო ექსპერტიზა და სხვა მტკიცებულება. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სპეცრაზმის ოფიცრების დაკითხვის თითქმის 5-კვირიანი დაგვიანება, რაც გამოწვეული იყო მათი ვინაობის გასაიდუმლოების გამო, გამოძიების ადეკვატურობის ხარვეზს წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ არ არსებობდნენ დამოუკიდებელი თვითმხილველები. ასევე 20 თვე დასჭირდა ოპერაციის დაგეგმვასა და კონტროლში ჩართულ პირთა გამოკითხვას. ოპერაციის მომზადებისა და/ან განხორციელების შესახებ რაიმე ოფიციალური მოხსენების არარსებობის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის შეფასება შეზღუდული იყო.

მთლიანობაში, სასამართლომ გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი სამართალწარმოებაში, კერძოდ, ნაკლოვანებები თავდაპირველ საგამოძიებო რეაგირებაში, მათ შორის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის ზედაპირული გამოკვლევის, ოფიცრების დაკითხვის დაგვიანებისა, და თ.მ.-ს მამისთვის დაზარალებულის სტატუსზე უარის თქმის მხრივ, რამაც ხელი შეუშალა ოჯახს გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებაში. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას მის პროცედურულ ფარგლებში.

სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ დროს მოქმედებდა შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ადგენდა, როდის იყო გამართლებული სუს-ის თანამშრომლების მიერ ლეტალური ძალის გამოყენება. სასამართლომ ასევე აღინიშნა, რომ ოპერაცია დაიგეგმა და ჩატარდა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების კონტექსტში და მიიღო მთავრობის არგუმენტი იმის შესახებ, რომ შეიარაღებული წინააღმდეგობა მოსალოდნელი იყო თ.მ-ისგან. სასამართლომ აუხსნელად მიიჩნია, რომ არცერთი დოკუმენტი ან ფაილი არ იყო წარდგენილი იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც გამოყენებული იყო ოპერაციის დაწყებამდე, მიმდინარეობის დროს და მის შემდეგ, და რომ ოპერაციის დაგეგმვისას, რომელშიც მონაწილეობდა მრავალი შეიარაღებული ოფიცერი და მიზნად ისახავდა პოტენციურად შეიარაღებული ტერორისტის დაკავებას, კონტრტერორისტულმა განყოფილებამ ვერ უზრუნველყო სასწრაფო დახმარების მანქანის ადგილზე არსებობა.

თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ გადამწყვეტი შეკითხვა ეხებოდა თ.მ.-ის რეაქციას, როდესაც ოფიცრები მის საძინებელში შევიდნენ. გამოძიებამ დაასკვნა, რომ პირველი ოფიცერი რეაგირებდა თ.მ.-ის მიერ ხელყუმბარის შესაძლო გამოყენებაზე და მიიჩნია, რომ მას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც თ..-ს პირდაპირ თავში ესროლა. თუმცა, მისი ოჯახი ამტკიცებდა, რომ თ.მ.-ს ეკეთა ყურსასმენები და დიდი ალბათობით იყენებდა მობილურ ტელეფონს. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების მიერ მოწოდებული მოვლენების ვერსია დამაჯერებელი იყო და რომ მას არ შეეძლო შეეფასებინა ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ნაწილობრივ გამოძიების ხარვეზების გამო და ნაწილობრივ იმის გამო, რომ არ განხორციელებულა ზუსტი გარემოებების სასამართლო შეფასება შიდასახელმწიფოებრივ დონეზე. მაშასადამე, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რათა საფუძვლიანი ეჭვის მიღმა დავასკვნათ, რომ თ.მ. გარდაიცვალა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში. შესაბამისად, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, მან არ დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მის არსებით მხარეში.

სასამართლომ შენიშნა, რომ საქმის მასალებში არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ თ.მ.-ს ოჯახმა განიცადა სტრესი და შფოთვა იმაზე მეტი, რაც მოსალოდნელი იყო ამ ტიპის სამართალდამცავი ოპერაციების დროს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა ოპერაცია. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველ განცხადებებში მათ თქვეს, რომ მათ ოფიცრები ცუდად არ მოექცნენ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რათა დავასკვნათ, რომ მათ განიცადეს დამამცირებელი მოპყრობა.” ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში”.