გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს – პესკოვი ნავალნის შესაძლო მოწამვლაზე

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე გამოძიებას არ დაიწყებს, რადგან, მისი თქმით, ამის საფუძველი არ არსებობს.

“გამოძიების დაწყებისთვის მიზეზი უნდა არსებობდეს. ამ წამს მხოლოდ ვიცით, რომ პაციენტი კომაშია”, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვი ამბობს, რომ ბერლინის საავადმყოფოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწავლავი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა, არაფერს ნიშნავს, ვინაიდან, მისი თქმით, ეს ინფორმაცია ომსკის საავადმყოფოს ექიმებმაც იცოდნენ.

პესკოვი აღნიშნავს, რომ გერმანულ კლინიკას საბოლოოდ არ დაუდგენია ნავალნის ავადმყოფობის გამომწვევი ნივთიერება. მისივე თქმით, გაურკვეველია, თუ რატომ “ჩქარობენ” გერმანელი ექიმები სიტყვა მოწამვლის გამოყენებას.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გერმანიაში სამკურნალოდ 21 აგვისტოს გადაიყვანეს. ნავალნის ორგანიზმში რუსმა ექიმებმა ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, თუმცა მათივე მტკიცებით, ექსპერტიზის შედეგებით, მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება არ იყო.

24 აგვისტოს ბერლინის Charite Hospital-ის ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა. ნივთიერების ტიპი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ნივთიერება “აცეტილ ქოლინესტერაზას ინჰიბიტორის” ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეს.