გამოხატვის თავისუფლების და მედიის შეზღუდვა, ძალადობა, დაუსჯელობა – რას წერს სახ.დეპი საქართველოში 2024 წელს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში

”მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის ანგარიში გამოაქვეყნა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია „უცხოური გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერების აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმებზე, მათ შორის ე.წ. ტიტუშკების მხრიდან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებული 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯები.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელსაც წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვად აფასებენ. პარალელურად, „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება, სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, გამოხატვის გარკვეული ფორმების კრიმინალიზებისკენ მიმართულ ნაბიჯად იქცა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესების ფონზე ადგილი ჰქონდა დაშინებისა და იძულების შემთხვევებს, ასევე — ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

დოკუმენტში მოყვანილია სანდო ცნობები წამების, არაადამიანური მოპყრობის, თვითნებური დაკავებების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმას.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ რამდენიმე შემთხვევაში პოლიცია არ ჩარეულა მედიაპროფესიონალებზე და დემონსტრანტებზე ე.წ. ტიტუშკების თავდასხმებში, ხოლო ზოგ შემთხვევაში მათთან კოორდინაციაშიც იმყოფებოდა.

დოკუმენტში ასევე აღწერილია ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული სატელეფონო მუქარები, ვანდალიზმის ფაქტები მათი სახლებისა და ოფისების მახლობლად, შეურაცხმყოფელი პლაკატების გამოფენა და ავტომობილების დაზიანება.

ანგარიში ეხება პარლამენტში ონლაინმედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობის აკრძალვასა და ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის დროებით შეჩერებასაც.

თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დამრღვევი თანამდებობის პირების დასასჯელად, დაუსჯელობის პრობლემა კვლავ მწვავე რჩება.