გამყრელიძე: სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში სასაფლაოზე ოჯახიდან 1 ან 2 წევრი გავიდეს.

მისი თქმით, საპატრიარქოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ წინასააღდგომო პერიოდი იყოს უფრო მოკრძალებული და ტაძრებში ყველამ დაიცვას რეკომენდაციები – პირბადე და დისტანცია.

„ახლა ამინდი იძლევა საშუალებას და ჯობს, რადიოფიცირება მოხდეს და გარეთ იდგნენ ადამიანები შესაბამისი დისტანციით, როგორც შარშან გავაკეთეთ. გასულ წელს ეს ყველაფერი კარგად გაკეთდა და ამიტომაც არ გვქონია არავითარი ეპიდაფეთქება სარიტუალო ღონისძიებებიდან. რაც მთავარი თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში. სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ, სანთელი ავანთოთ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.