ხარისხს ზრდის მხოლოდ ერთი გარანტირებული მეთოდი არსებობს.
თავისუფალი კონკურენცია.
იგივე ეხება განათლებასაც.
იმისთვის რომ განათლების ხარისხი გაიზარდოს, განათლების სისტემა მთლიანად უნდა ამოყირავდეს და მოსწავლეზე ფოკუსირდეს.
დღეს, განათლების სისტემა არა მოსწავლეზე, არამედ მმართველი პარტიის საჭიროებებზეა მორგებული – სკოლის მასწავლებლები და დირექტორები პარტიული ბოსების კეთილგანწყობაზე არიან დამოკიდებული, ია კერზაიას ტრაგიკულ, ამაზრზენ შემთხვევას თუ გავიხსენებთ, სიცოცხლითაც კი.
ეს მანკიერება ახლა არ დაწყებულა –
2008 წლის შემდეგ დაიწყო სკოლების ავტონომიის შეზღუდვა და მასწავლებლების პარტიულ რესურსად გამოყენება.
აქაც იგივე ხდება რაც პოლიტიკურ სპექტრში.
ვინც პატიოსანია, პროფესიონალია და პრინციპულია, იმას დევნის სისტემა. მასწავლებლებად პარტიის მონებია საჭირო, რომ უცნობის აქციაზე ჩამოიყვანო ავტობუსებით და ტროლებად შეასიო პოლიტიკურ ოპონენტებს.
იმისთვის, რომ განათლების ხარისხმა ზრდა დაიწყოს, საჭიროა საშუალო განათლების სისტემური გადატვირთვა.
– სკოლები უნდა განკერძოვდეს/მაქსიმალური ავტონომია მიენიჭოთ სახელმწიფოს მხრიდან იმის უზრუნველყოფით, რომ საშუალო განათლების დიპლომი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
– მოსწავლის დაფინანსება (ვაუჩერი) გაიზარდოს ისე რომ ასახოს რეალური ხარჯები – საშუალო განათლება სავალდებულოა და ცხადია, ის უფასოდაც ხელმისაწვდომი რჩება- საშუალო განათლების გარეშე არცერთი ბავშვი არ დარჩება.
-მოიხსნას ის რეგულაციები, რომლებიც: 1. ხელს უშლის სკოლებს შორის მოსწავლეების მოზიდვაში თავისუფალ კონკურენციას და 2. ახალგაზრდების/ახალი კადრების მოზიდვას მასწავლებლებად (ან: ჩართვას სწავლების პროცესში) სკოლებში.
ასე ეხმაურება, ევროპული საქართველოს წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი PISA-ს კვლევებს, რომლის მიხედვით, საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე.