განვიხილეთ აგრესორის წინააღმდეგ სანქციათა დაწესების აუცილებლობა – ამის შესახებ, უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
“მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტით, რომელიც უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განმტკიცებას და იმას, რასაც ჩვენი ხალხი ელოდება.
ჩვენ ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი და აღდგენის პროცესში შესაძლო დახმარების საკითხები. მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას აჩვენებს.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია და ყოველთვის ასე იქნება” – წერს რადას თავმჯდომარე Facebook-ზე.