პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება მოახერხა, თუმცა ეს პირველადი შედეგია.
გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს, ახალ წელს განსხვავებულად შეხვდნენ.
“ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ საახალწლო დღეებშიც როგორც სახელმწიფომ, ასევე მოქალაქეებმა, ბიზნესმა, კომპანიებმა.
ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს. უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია და დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის, თუ როგორ გავართმევთ თავს ამ საახალწლო დღესასწაულებს
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე ან გავზარდოთ მაშინ, როცა ყველა რისკი გადაზღვეული გვექნება და გავაკეთოთ ეს უაღრესად გონივრულად”,– თქვა პრემიერმა.