განხეთქილება არ ყოფილა, მივიღებთ კიდევ უფრო აქტიურ ელენე ხოშტარიას – ბობოხიძე

ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე ელენე ხოშტარიას მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ მასთან პარტიის წევრებს კონფლიქტი არ ჰქონიათ. .

მისივე თქმით, ელენე ხოშტარია პოლიტიკაში კიდევ უფრო აქტიური იქნება.

“მე თავისუფლად ვისაუბრებდი ამ თემაზე, უბრალოდ ელენეს ვუტოვებ იმის უფლებას, რომ თავის გადაწყეტილებაზე მან პირველმა ისაუბროს. არანაირი პრობლემას და უხერხულობას არ მიქმნის მაგ თემებზე ლაპარაკი, რომ არა ეგ მომენტი, რომ ელენეს აქვს უფლება, პირველმა ისაუბროს თავის გადაწყვეტილების და გეგმების შესახებ, არ მინდა, მას ეს პირველობა წავართვა.

არანაირი განხეთქილება, არანაირი აზრთასხვადასხვაობა, ყველაფერი არის კარგად და ყველაფერი იქნება მშვიდობიანად და რაც მთავარია, მივიღებთ კიდევ უფრო აქტიურ ელენე ხოშტარიას და არა პოლიტიკიდან წასულს და დაშორებულს”, – თქვა ბობოხიძემ ფორმულას ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ხოშტარია განცხადებას პარტიის ოფისში გააკეთებს და არა ქუჩიდან ან წერილობით.

“მიზეზებზე მეტად ვიხმარდი მიზნებს, რის გამოც ცვლილებები მოხდება და ამას შევიტყობთ, ამაზე ელენე ისაუბრებს. მნიშვნელოვანი და სიმპტომატურია, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან შედარებით, რომ ელენე ხოშტარია არც წერილობით და არც ქუჩიდან არ აკეთებს განცხადებას, პარტიის ოფისში ხდება ყველა პროცესი”, – განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია ევროპულ საქართველოს ტოვებს. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ხოშტარია 15:00 საათზე, პარტიის ოფისში გააკეთებს.