“განხილვა შეიძლება” – ხუნდაძე ტურისტებისთვის კომენდანტის საათის მოხსნაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ტურისტებისთვის კომენდანტის საათის მოხსნის განხილვა შესაძლებელია, თუმცა აღსრულების ნაწილი არ იქნება მარტივი.

“შესაძლებელია ამ საკითხის [ტურისტებისთვის კომენდანტის საათის მოხსნის] განხილვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აღსრულების ნაწილი არ იქნება მარტივი, მაგრამ, ჯერ უნდა მივაღიწოთ იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მაქსიმალური დაზღვევის მექანიზმი იმისა, რომ ისინი არ იქნებიან სხვისთვის გადამდებები და ეპიდემიოლოგიურად ხიფათის შემცველი.

რა თქმა უნდა, თუკი ამ წესებს დავიცავთ – სარესტორნო ბიზნესში თუ შევძლებთ იმას, რომ დისტანცია იქნას დაცული, თუკი იქ იქნება დაცული ის მოთხოვნა, რომ ვიზიტორს ექნება ან აცრის დამადასტურებელი, ან ის, რომ გადატანილი აქვს და ის არ არის გადაცემის საფრთხე, რა თქმა უნდა, ამ რეგულაციების განხილვა შეიძლება”, – თქვა ხუნდაძემ აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას.