ცენტრალური საარჩევნო კომისიაის (ცესკო) განცხადებით, გაურკვეველი პირები საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით კარდაკარ შემოვლით ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას ცდილობენ.
მათივე ინფორმაციით, ამომრჩევლების გარდა, აღნიშნულ შემთხევებს ადასტურებენ თავად საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, რომელთა საცხოვრებელ ბინებშიც დაფიქსირდა მსგავსი გადამოწმების ფაქტები ცესკოს სახელის ყალბი გამოყენებით.
“განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშული ფორმით არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს და კანონმდებლობის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი”,– წერს ცესკო.
მათივე განცხადებით, პოლიტიკურ გაერთიანებებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლება აქვთ, რომ ამომრჩევლებთან კანონით განსაზღვრული ურთიერთობა ჰქონდეთ, რომელიც უფრო მეტად აქტუალური ხდება არჩევნების წინა პერიოდში.
“შესაბამისად, მივმართავთ თხოვნით ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ ორგანიზაციას, არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას”,– ნათქვამია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.