გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები – რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი,ლევან რატიანი ამბობს, რომ შატილის გზაზე ავტოკასტასტროფისას დაშავებულ სამ პაციენტთან გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები – გუგის რეფლექსი.

“ამ ეტაპზე, მოთავსებული არიან რეანიმაციულ განყოფილებაში. მათი საშუალო ასაკი არის 35 წელი. ამ ეტაპზე, დადებითი დინამიკა აღინიშნება. სამივე მათგანთან დადებითი დინამიკა გამოიხატება – ჰემოდინემიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე იყო რამდენიმე საათის წინ.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები – ანუ გუგის რეფლექსი. ვიმედოვნებ, რომ ასეთი პროგნოზი იქნება და პაციენტები დაიწყებენ დადებითი დინამიკით გამოჯანმრთელებას. ამ ეტაპზე, ინტერვენციული ჩარევა არ ხორციელდება”, – თქვა ლევან რატიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ პაციენტები კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდიდან გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა – 3.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.