პრემიერმინისტრმა გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიაში ვიხილოთ, უპასუხა, რომ შესაძლებელია.
“რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნების დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე, რა თქმა უნდა”, — თქვა გახარიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, სიის რომელი ნომერი იქნება, რადგან მთავრობა 3 ფრონტზე იბრძვის და არ აქვს დრო, სიაზე იმსჯელოს.
“არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, მე რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით – ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის პირველ რიგში პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები.
მეორე ამოცანა გახლავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში იმიტომ, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგიური კრიზისი გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართველ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და მესამე ამოცანაა, ამ ორი კრიზისის პირობებში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში – წყნარად, მშვიდად, ღიად და დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები.
როგორ ფიქრობთ? ამ სამი უდიდესი გამოწვევის, პრობლემის, ომის, თავიდანვე ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით, ამის პირობებში ან მე ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი სიაში ვინ იქნება ან მეორე? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”,– განაცხადა გახარიამ.