კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი არ არის.
“გიორგი გახარია არ არის ქართული ოცნების პროექტი. გიორგი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ეს ეტიკეტი შეურაცხმყოფელია როგორც მისთვის, ასევე ჩვენთვის. გიორგი გახარია არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, ყოფილი პრემიერმინისტრი. ჩვენ ვიყავით მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული გუნდი და ასეთებად დავრჩებით მის გარეშეც.
მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი, ძალიან გასაკვირი. მე პირადადაც ვუთხარი პირდაპირ – ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა-თქო. ძალიან თავისუფლად გამოვხატე ჩემი აღშფოთება და მან იცის, რომ იერარქიულ ურთიერთობებში მე ყველა წესს ვიცავ და აღელვება არ მჩვევია ხოლმე, მაგრამ იმ შემთხვევაში მე მართლა ვერ შევიკავე თავი, იმდენად აღმაშფოთებელი იყო”,– თქვა წულუკიანმა რადიო იმედის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ გახარია ქართული ოცნების “რეალური ოპოზიცია იქნება”.
“მისი დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის. მისთვის ეს რამდენად კარგია, მე კითხვის ნიშანი მაქვს – რატომ არის ეს მისთვის კარგი? მაგრამ ეს კითხვა ვერ დავუსვი ვერასდროს, არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, რატომ არის მისთვის კარგი, არ მესმის. იმედია, მან იცის, რას აკეთებს, ის მაღალპროფესიონალი ადამიანია, თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე და როგოც ჩანს, გამოვა, რა თქმა უნდა, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. გარკვეული ბენეფიტიც ექნება სხვა ოპოზიციასთან განსხვავებით, რადგან გუნდს იცნობს ძალიან კარგად”,– განაცხადა წულუკიანმა.