“ევროპული საქართელოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ გახარია ან ცრუობდა, ან კითხვებს არ პასუხობდა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ ურჩევნია მას ფორმატი, სადაც გროვდება კითხვები და ბევრ კითხვას ერთად სცემს პასუხს.
„გახარია არ პასუხობდა კითხვებს, ან პირდაპირ სიცრუეს იძახდა. სწორედ ამიტომ ურჩევნია ფორმატი, სადაც გროვდება კითხვები და ბევრ კითხვას ერთად სცემს პასუხს. სინამდვილეში კი არ სცემს ამ კითხვებს პასუხს ან პირდაპირ ცრუობს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ ყველა შემდეგ შესაძლებლობას, როგორი ცუდი ფორმატიც არ უნდა იყოს გამოვიყენებთ, რომ ის საკითხები დაისვას და კიდევ ერთხელ გახდეს ნათელი, რაზე არ აქვს პასუხი და რაზე ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს, ან სადაც გაჭრის ეს წნეხი ვაიძულოთ დათმობებზე წავიდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.
გახარიას ანგარიშის წარდგენა შეაფასეს უმრავლესობის წევრებმაც. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ჩაუტარა”.
გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის აზრით, პარლამენტის სხდომაზე, ოპოზიცია ძალიან სუსტი იყო. მისი თქმით, პრემიერმა ყურადღება ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანა და ოპოზიციას როგორც პანდემიის, ისე ეკონომიკის ნაწილში “მოუგო”.