გახარია გააგრძელებს პრემიერობას – კუჭავა თეა წულუკიანის შესაძლო პრემიერობაზე

ქართული ოცნების წევრი კახა კუჭავა თეა წულუკიანის პრემიერობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, პრემიერი კვლავ გიორგი გახარია იქნება.

“ჩვენ როდესაც წარვადგენდით კანდიდატებს, ძალიან კარგად იქნა აღნიშნული, რომ ჩვენ არ წარვადგენდით პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ჩვენ წარვადგენდით პრემიერმინისტრს. ეს არის გიორგი გახარია და გახარია გახარია გააგრძელებს იყოს პრემიერმინისტრი უკვე შემდეგაც, რაც პარლამენტი დაიწყებს მუშაობას და ახლა მთავრობას დაამტკიცებს”, — განაცხადა კუჭავამ რუსთავი 2–თან საუბარში.

დღეს სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერი, თეა წულუკიანი შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გახდეს.

IPN–ის ინფორმაციით, ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ასევე საუბარია მის პრემიერ-მინისტრად წარდგენაზე. წულუკიანთან მიმართებაში იხილება მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის შეთავაზების საკითხიც.