პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აზრით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მედიას არ ეხება, შესაბამისად მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, მედიის თვალსაზრისით არანაირ საფთხეს არ წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას ექნება უფლება, მაუწყებლებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.
კანონპროექტში წერია, რომ თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.
მაუწყებლები კანონპროექტს ცენზურად და კონტროლის დაწესების მექანიზმად განიხილავენ და პარლამენტს მოუწოდებენ, შეაჩერონ მისი დაჩქარებული განხილვა.
ცვლილებებს კრიტიკულად აფასებენ ტელესაკომუნიკაციო კომპანიებიც და აცხადებენ, რომ ის წინააღმდეგობაშია როგორც კონსტიტუციასთან, ისე სამართლის პრინციპებთან.