გიორგი გახარიას პარტიის წევრები ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია “ერთობლივ გადატრიალებას ამზადებდნენ”. გახარიას გუნდი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრის კახაბერ ქემოკლიძეს თქმით, კობახიძის „ასეთი აბსურდული განცხადებების“ რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.
“გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა მასშტაბებმა და ფორმებმა ყოველგვარ ფორმებს გადააჭარბა. გუშინ ვიხილეთ მმართველი პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები, რითაც, მან კიდევ ერთხელ დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფრად ჩააგდო “ქართული ოცნების” ამომრჩეველი. ჩვენი მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, მმართველი პარტიისთვის აღარ არსებობს წითელი ხაზები, რადგან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ისინი მზად არია, ფეხქვეშ გათელონ სახელმწიფო ინტერესები… მოვითხოვთ, მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყონებლივ”,- განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.