გახარიას ნაბიჯები ესადაგება სააკაშვილის რევოლუციურ გეგმებს – მათიკაშვილი

უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ გახარიას ნაბიჯები სააკაშვილის რევოლუციურ სცენარს ესადაგება.

„გიორგი გახარიას ნაბიჯი საეჭვოდ ესადაგება იმ გეგმებს, რომლებიც ყოველთვის ისმოდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებით – რევოლუციური სცენარის კუთხით. საეჭვოა სამართლის აღსრულების დაცდის ის რამდენიმე დღე. რა საჭირო იყო, ეს პროცესი შეფერხებულიყო, როდესაც ყველასთვის, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მყისიერად უნდა აღსრულებულიყო. თავად გიორგი გახარიაც, ყველას გვარწმუნებდა, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი“, – ამბობს მათიკაშვილი. მის განცხადებას “იმედი” ავრცელებს.

გახარიას და სააკაშვილის შესაძლო ტანდემში მოქმედებაზე პირველად ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ გახარია მელიას დაკავების 2-3 დღით გადადებას ითხოვდა, სააკაშვილი კი ზუსტად ამდენივე დროში გეგმავდა “ხელისუფლების ამოყირავებას”.

გახარიას პარტიის წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ქართულ ოცნებას თავისი ამომრჩეველი “სულელი ჰგონია”, რადგან მათ სააკაშვილის გვერდით დგომას აბრალებენ.