გახარიას ფაქტორი გავლენას არ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გიორგი გახარიას ფაქტორი მისი პარტიის საარჩევნო შედეგზე არავითარ გავლენას არ მოახდენს.

“რაიმე მიზერული გავლენა შეიძლება მოახდინოს, მაგრამ პრინციპულად ჩვენს საარჩევნო მიზანს მივაღწევთ და ამას არ ექნება არათუ განმსაზღვრელი, არამედ რაიმე ფორმის არსებითი მნიშვნელობაც კი. ჩვენ თავის დროზე ბევრი რამ გავაკეთეთ რომ შექმნილიყო ეს რეიტინგი, საბოლოო ჯამში, ეს რეიტინგი შეიქმნა, თუმცა, ის დაკავშირებული იყო არსებითად მმართველ ძალასთან”,- თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, გახარიას რეიტინგის ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრობა განსაზღვრავდა, ახლა კი ეს სურათი შეცვლილია.

“ის იყო პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, ეს ფაქტორი არსებითად განსაზღვრავს ამ რეიტინგს. ახლა შეგვიძლია ეს რეიტინგი გადავამოწმოთ და ვნახოთ რა არის სურათი, ჩვენ გვაქვს ეს სურათი და მინდა გითხრათ, ის შეცვლილია არსებითად. ჩვენ გვაქვს ჩვენი საარჩევნო მიზანი, რომელიც აუცილებლად შესრულდება და ეს საარჩევნო მიზანი არ არის 43 პროცენტის აღება. ჩვენ ამაზე ამბიციური საარჩევნო მიზანი გვაქვს, რომელიც აუცილებლად შესრულდება. შეიძლება ჰქონდეს მიზანი ამ გუნდს, რომ რაღაც ჩამოგვაკლოს, მაგრამ ჩვენი საარჩევნო მიზანი აუცილებლად შესრულდება”, – აღნიშნა კობახიძემ.