“ჩვენ გვახსოვს “გაბედული, თამამი” გადაწყვეტილებები 90-იან წლების დასაწყისიდან მოყოლებული. მაგალითად, თქვენ გახსოვთ ისტორია, როგორ არ შევიდა საქართველო დსთ-ში, შემდეგ მეორე დღეს როგორ დაიწყო სამოქალაქო ომი, 2 წელიწადში როგორ დავკარგეთ აფხაზეთის 80% და ნახევარი ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ როგორ დავასრულეთ დსთ-ში შესვლით. ეს 3-წლიანი ისტორია არის იმის ძალიან კარგი მაჩვენებელი, თუ კონკრეტულ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებამ რა შედეგებამდე შეგიძლია მიგიყვანოს.

სხვა ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული 90-იან წლებში, მომდევნო დეკადაში და ჩვენ ვამბობთ, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არის არა შემთხვევითობა და არა გამართლება ქართული ოცნებისთვის, არამედ ეს არის ჩვენი კონკრეტული პოლიტიკის – პრაგმატული, რაციონალური, კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგი. არსებითად და არსობრივად განსხვავდება წინა ხელისუფლებების პოლიტიკისგან. რაციონალური პოლიტიკით ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მაქსიმალურად დავიცავით ჩვენი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა. სწორედ, ამის შედეგია, რომ ჩვენ არ გვქონია ომი მთელი ამ ხნის, გასული 9 წლის განმავლობაში. ეს მონაპოვარი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ – სტაბილურობა, უსაფრთხოება, რაც არის ჩვენი ერთერთი უმთავრესი მონაპოვარი თავისუფლებასთან ერთად, ეს უნდა შევინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება”

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში 25 მარტს.