გელა ხასაია დღეს არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი – კოალიცია ცვლილებისთვის 

”გელა ხასაია დღეს არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი ” – კოალიცია ცვლილებისთვის მათი ერთ-ერთი წევრის, გელა ხასაიას დაკავებას გამოეხმაურა.

“ხომ შეგპირდი რომ დაგაკავებდი სისხლის სამართლის წესით – ეს არის სიტყვები, რომელიც უთხრა გუშინ მილიციელმა, და არა პოლიციელმა, ჩვენ უკანონოდ გატაცებულ და ამ დრომდე პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფ თანაგუნდელ გელა ხასაიას. ეს სიტყვები, ზოგადად გელას წინააღმდეგ მიმართული ის რეპრესიები, რომელსაც წლების განმავლობაში ვუყურებდით, ის, რომ ამ მუხლით არ აკავებენ რეალურ დამნაშავეებს, მაგალითად, რომლებიც კალაძის შტაბიდან გამოვარდნენ და ადამიანებზე, ქალებზე, გოგოებზე ფიზიკურად იძალადეს, ის, რომ გელას მიმართ ხორციელდებოდა აქტიური დისკრედიტაციის კამპანია და ზოგადად ის, რომ გელა, ადამიანი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით და ბოლო თვეებში აქტიურად აჟღერებს პოლიტიკური პატიმრების სათქმელს, მათი ოჯახის სათქმელს, ეს ყველაფერი ერთ პაკეტში მიუთითებს იმაზე, რომ გელა დღეს არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი..[…]ოღონდ აქ მნიშვნელოვანი და მთავარი რაც არის და რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორც საზოგადოებამ და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, სინამდვილეში რისთვისაც ამას რეჟიმი აკეთებს არის ერთადერთი, იმისთვის, რომ დანერგოს შიში. შიში, რომელიც საბოლოო ჯამში ჭამს თავისუფლებას. და ეს თავისუფლება გელამ ყველაზე უკეთ იცის იმიტომ, რომ მას არ ეშინია. მან ზუსტად იცის, რომ ადამიანი, რომლესაც შეეძლო დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულიყო, გადმოსულიყო მიუხედავად ბარიერების, გაემჟღავნებინა იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემები, მოეგვარებინა ისინი აქედან ამდენი ასეული კილომეტრის დაშორებით, ამ ადამიანს ვერ შეაშინებენ. […] ჩვენთვის მნიშვნელოვანი რაც უნდა იყოს არის ის, რომ როგორც გელამ მისცა პირობა სხვა პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ის იბრძოლებდა ბოლომდე მათი თავისუფლებისთვის, ჩვენც ასე უნდა გავაგრძელოთ. იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც უნდა ვიცოდეთ, უნდა გავიდეთ ბოლომდე, გამარჯვებამდე, რადგან ყველა მსგავსი დაკავება, ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ზეპირსიტყვიერი განცხადებების გარდა ვერაფერს ვერ ავრცელებს, ის, რომ ამ დრომდე არ არსებობს დადგენილება, ეგრეთწოდებული დანაშაულის კადრები, ის, რომ დანაშაულიც ვერ შეკერეს მიუთითებს მათ ქაოსურ, პანიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ ეს პანიკური მდგომარეობა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის და საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობის მანკიერი ტრადიციის დასრულებისთვის. გელას თავისუფლებისთვის და სხვა 70-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის თავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.” – განაცხადეს ბრიფინგზე.