გენოციდის მსგავს ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი – მაკრონი ბაიდენზე

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “გენოციდის მსგავს ტერმინებთან ფრთხილად იქნებოდა”. 

“დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი, რუსები და უკრაინელები ძმები არიან. მინდა, გავაგრძელო ცდა, რამდენადაც შემიძლია, რომ შევაჩერო ეს ომი და აღვადგინო მშვიდობა. დარწმუნებული არ ვარ, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება”, – თქვა მაკრონმა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა გენოციდი.  ამის შესახებ, აიოვაში ტარიფებზე საუბრისას განაცხადა. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, “ჩაიდენს თუ არა დიქტატორი გენოციდს სხვა ქვეყანაში”.