გერმანია 1 მილიარდ ევროს გამოყოფს უკრაინის კიბერთავდაცვისა და ომის დანაშაულთა დაფიქსირებისთვის

გერმანიის მთავრობამ 2023 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 1 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის მხარდასაჭერადю ეს თანხა  რუსული კიბერშეტევებისგან დასაცავად და ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას მოხმარდება.

როიტერი დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ დამატებითი თანხის გამოყოფა ხდება დებატების ფონზე, უნდა გააძლიეროს თუ არა გერმანიამ სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ მას სჭირდება შეტევითი სამხედრო იარაღი, მათ შორის ტანკები, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.

როიტერი წერს, რომ ამ თანხების გამოყოფა მწვანეთა გამარჯვებაა. ეს კოალიციური პარტია, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ყველაზე ძლიერი მომხრე იყო მას შემდეგ, რაც რუსეთი თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.

გერმანია უკრაინის სიდიდით მესამე სამხედრო დონორია, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება აშშ-ს, რომლის იარაღის მიწოდება გადამწყვეტი იყო უკრაინელი სამხედროების წარმატებისთვის ბრძოლის ველზე, რაც ხერსონის განთავისუფლებით დასრულდა, დასძენს გამოცემა.

“უკრაინის ბიუჯეტი ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა სცილდება მნიშვნელოვანი და აუცილებელი იარაღის მიწოდებას. ჩვენ დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ მშვიდობისთვის ევროპასა და უკრაინაში”, – თქვა გერმანელმა დეპუტატმა რობინ ვაგენერმა, რომელიც უკრაინის საპარლამენტო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

თანხების ნაწილი მოხმარდება იმ ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც აღრიცხავენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ომის დანაშაულების მტკიცებულებებს, მათ შორის რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ გამოვლენილ მტკიცებულებებს.

დამატებითი თანხები ასევე გამოიყოფა სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად, მათ შორის ჟურნალისტების დაცვაზე უკრაინაში, ბელორუსიასა და რუსეთის ფედერაციაში.

გერმანიის სამხედრო დახმარება

ცოტა ხნის წინ გერმანიამ უკრაინას გადასცა პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T, რომელმაც შეძლო “საკმაოდ კარგი” შედეგების ჩვენება.

19 სექტემბერს უკრაინამ გერმანიიდან მიიღო Mars II MLRS და Dingo ჯავშანტრანსპორტიორი. ქვეყანამ ასევე გამოაცხადა უკრაინაში კიდევ ოთხი Panzerhaubitze 2000 თვითმავალი იარაღის და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალის გაგზავნის შესახებ.

ამავდროულად, გერმანია არ ჩქარობს უკრაინისთვის თანამედროვე ტანკების მიცემას. ოლაფ შოლცმა განმარტა, რომ გერმანია არ აგზავნის ლეოპარდ II-ს უკრაინაში, რადგან არ სურს დაუშვას „ომის მასშტაბების გაფართოება“.