„პოლიცია აქციის მონაწილეებს აღარ აძლევს გზის გადაკეტვის შესაძლებლობას და ამიტომ აქციები გახდა უფრო მობილური – დაიწყეს საპროტესტო მსვლელობა. ეს პროტესტის იმდენად ეფექტური ფორმა აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, არ აწყობდათ თბილისის ქუჩებში ბევრ ადამიანს დაენახა პროტესტის შესახებ, ამიტომ სხვადასხვა ქუჩაზე უქმნიან წინააღმდეგობას აქციის მონაწილეებს.

28 ნოემბერს რას გააკეთებენ, როდესაც ათასობით ადამიანი კვლავ გამოვა ქუჩაში? ისევ შეეცდებიან, რომ ტროტუარზე დააყენონ პოლიციელები და შეკრება შეზღუდონ? ამას ხომ ვერ გააკეთებენ. 28 ნოემბერს ათასობით ადამიანი გამოვა და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ერთმანეთს, რომ ათასობით ადამიანი აპროტესტებს იმას, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. რეალურად, ტროტუარზე გავლას უზღუდავენ ადამიანებს, რომლებიც მარშში მონაწილეობენ. გზაზე კი არ არის საუბარი. ეს სამართლის რომელ ნორმაში და ჩარჩოში ჯდება? სამართლის ვერცერთ ნორმას ვერ ასახელებენ, რომლითაც ტროტუარზე გადაადგილება არის შეზღუდული. „ქართული ოცნების“ კანონებშიც კი, ტროტუარზე პროტესტის გამართვა და გადაადგილება შეზღუდული არცერთ შემთხვევაში არ არის. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პროტესტის ცვლილებით მიიღო, ეს არის ისევ და ისევ მისი გაუაზრებელი, დაუფიქრებელი პოლიტიკის შედეგი. რეალურად, დღეს „ქართული ოცნების“ მდგომარეობა არის კედელში რომ წყალი ჟონავს, ხან ერთ ადგილს ააფარებ ხელს, ხან მეორეს, მაგრამ ის წყალი აუცილებლად სხვა ადგილას გამოჟონავს. თუნდაც ის, რომ ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვას შეეცადონ, ეს პროტესტი აუცილებლად სხვა ფორმას მიიღებს“,

ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სვიმონიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობისას სამართალდამცველების მიერ დაწესებული შეზღუდვები.