ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გვარამიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2″-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
“ის ფაქტი, რომ ჩვენ არა მხოლოდ ამ ქვეყნის ხელისუფლება, არამედ ბოროტების მთავარი ღერძი, რუსეთი გვიტევს არ არის გასაკვირი. ეს ჯერ კიდევ რუსთავი2–ში დაიწყო.
გიორგი გაბუნიას გამონათქვამები ეთერში მართალია კორექტულობისგან შორს იყო, მაგრამ სრულად ჯდებოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში არა ფორმით, არამედ შინაარსით.
გახსოვთ ალბათ მაშინდელი მოვლენები, რამდენიმე ასეული ურცხვი ქართველი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე შეიკრიბა და გახსოვთ ჩვენი განცხადებები, რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი რისკის შემცველი და საქართველოს მთავრობას მართებდა გიორგი გაბუნიას პირადი უსაფრთხოების დაცვა.
ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ გიორგი გაბუნიას დამგმობი განცხადებები საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან.ამის მერე ჩვენ ვიხილეთ დევნა რუსთავი ორზე – მაშინდელ შემადგენლობას ვგულისხმობ. დევნა იმავე დღეებში, აქციებს ვგულისხმობ, ხელისუფლების მხრიდან დევნა, სამწუხაროდ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდანაც.
დღეს არ გვინდოდა ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ რაკიღა ჩვენთვის ეს ცნობილია რამდენიმე კვირაა და მედიაში ამან გაჟონა, ვალდებული ვართ რომ ეს განვაცხადოთ საჯაროდ:
კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში 1982 წლის 21 დეკემბერს და მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც მე ახლა უნდა გესაუბროთ. სხვა მიზეზით დააკავეს, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცავების მხრიდან, არის ის, რომ ის გეგმავდა ამ არხის, ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის გამორჩეული სახის, მოქალაქის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით. ამაზე ყოფილა გაფრთხილებები ჩვენი კავკასიელი მეგობრებისგან და არა მხოლოდ.”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.