გიორგი რურუას ციხეში თავს დაესხნენ, დაწყებულია გამოძიება – პენიტენციური სამსახური

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, გიორგი რურუას ციხეში  თავს დაესხნენ.ამის შესახებ,  სამადაშვილმა ფორმულას გადაცემაში “კომენტარი” განაცხადა.  ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურშიც ადასტურებენ.

“ჩემთვის როგორც ცნობილია, დღეს ბატონ რურუაზე ციხეში განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა, ზუსტად არ ვიცი დეტალები, მაგრამ მას თავს დაესხნენ.როგორც ჩანს, ეს იყო ციხის შიგნით შეგზავნილი პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ის მეთოდები, რომლითაც ეს ხელისუფლება მუშაობს, ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს”,-თქვა სალომე სამადაშვილმა.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ  გიორგი რურუა ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან, რა დროსაც მას თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც, გამოძიება უკვე დაწყებულია.

“გიორგი რურუასთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია 2020 წლის 2 ნოემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გიორგი რურუაზე განხორციელდა თავდასხმა.

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს, N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან. დაახლოებით 15:25 სთ-ზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს”, — აცხადებენ პენიტენციურში.