მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში შსს–ს მაღალჩინოსნის, ნინო გიორგობიანის ხაზის განვითარება მკვლელობის ხელის დამფარებელი გაცილებით მაღალი ლობისტებიდან ყურადღების გადატანას ნიშნავს.
გვარამიას თქმით, ნინო გიორგობიანის ნათესავე მთავარი მოწმე ე.წ. ფოტოგრაფი დაზარალებულია.
“ნინო გიორგობიანის ნათესავი ფოტოგრაფი დაზარალებულია და მკვლელის ან მკვლელობის ორგანიზების ჩამდენი არაა, ეს უცხადესია. მისი დანაშაული (და, თუ გიორგობიანი ჩაერია – მისიც), არის მტკციებულებების მოსპობა და ცრუ ჩვენება.
ვისაც სხვაგვარად სურს გიორგობიანის ხაზის განვითარება, იმის ამოცანა, ამ მკვლელობის ხელის დამფარებელი გაცილებით მაღალი ლობისტების ხაზიდან ყურადღების გადატანაა და ამის ნაცვლად უნდათ შემოგვასაღონ ნინო გიორგობიანი.
და, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: თითქოს პატრული და მასთან ერთად კრიმპოლის მანქანა გამოძახებაზე კი არ გავიდა და მერე უკან კი არ მოაბრუნეს, რომ დანაშაული ცხელ კვალზე არ გახსნილიყო, არამედ გიორგობიანმა გააგზავნა ნათესავი ფოტოგრაფის საევაკუაციოდ. კრიმპოლის მანქანა – საევაკუაციოდ. თითქოს საკუთარი მანქანები ან არაოპერატიული მანქანები აკლდეს გიროგობიანის უწყებას.
მოკლედ, გიორგობიანის ამბის ცენტრალურ ხაზად შემოგდება ბოდვაა და არც არავის ჯერა, მაგრამ აი “გამვლელი პატრულის” ვერსიის გამყარებას კი ემსახურება, რაც კვალის არევის მორიგი მცდელობაა, თავისი მორიგი მხარდამჭერებით.
საკენკის ასაკიდან თუ არ გამოსულხართ, წადით, ლოგიკა და საგამოძიებო უნარები განივითარეთ და მერე დაკავდით ბრძნადმეტყველებით. თუ გამოსულხართ, ესე იგი, ახლა სხვა საკენკზე ყავხართ შესმული ბიძინას. აი, კონვერტებით რომ დააქვთ, იმ საკენკზე”,– აცხადებს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ საქმის მთავარი მოწმე მისი ნათესავია. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გაასაჯაროვა.
კუპრავას მტკიცებით, ნინო გიორგობიანმა საგამოძიებო ორგანოს პირდაპირ მიუთითა, რომ იაკობ ბრეგვაძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი ჰქონდეს.