ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველ პარტიასა და „გირჩს“ შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
მისი თქმით, გირჩს ისღა დარჩა, რომ პარლამენტში შევიდეს.
„რაც შეეხება „გირჩს“, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. გუშინწინ მათ აღიარეს არჩევნების შედეგები, შემდეგი ნაბიჯი ისღა დარჩათ, რომ შემოვიდნენ და განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება. იმედი მაქვს, რომ ამ ნაბიჯსაც გადადგამენ. საუბარი მიმდინარეობს. არ არის დაკონკრეტება საჭირო, მაგრამ კონტაქტი არის. მე ამას მივაწერ სწორედ მათ გუშინწინდელ განცხადებას, რომ ისინი აღიარებენ არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ქართული ოცნება პარლამენტში შესვლას არცერთ პარტიას არ ეხვეწება.
„ჩვენ არავის ვეხვეწებით, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. ჩვენ გვადარდებს და ჩვენი ინტერესია ის ამომრჩევლები, რომლებმაც ამ პარტიებს დაუჭირეს მხარი, რომ მათი ხმა ისმოდეს საქართველოს პარლამენტის შენობაში. ამიტომ, ჩვენ ყველას ვესაუბრებით იმ მიზნით, რომ მათი ამომრჩეველი წარმოდგენილი იყოს პარლამენტში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.